სასტუმრო კაბადონი

club 71 icon

სასტუმროს შესახებ

„კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღის ცენტრშია განთავსებული, მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების უსაყვარლესი ადგილია. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.
„კაბადონის“ ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს აღმოსავლური, მოდერნისა და ძველი ქართული მოტივების ერთობლიობა ქმნის. სასტუმროს მისაღების ჭერს ხელით მოხატული, აღმოსავლური ელემენტებითა და სარკეებით გაფორმებული ულამაზესი თაღი ამშვენებს. ჭერზე გამოსახული ორნამენტები მოზაიკით მოპირკეთებულ იატაკზეა გადათამაშებული. აღმოსავლურ სიჭრელეს 50-იან წლებში პოპულარული მოდერნის სტილის მინიმალისტური ავეჯი აბალანსებს – ცნობილი დიზაინერების საავტორო ნამუშევრები მარტივი, სადა და თანამედროვე ფორმებით. კედლების ნეიტრალურ ტონალობას ქართული ფარდაგებისა და ხალიჩების ცოცხალი ფერები ახალისებს. დეკორატიული ნივთები და აქსესუარები ქართულ ხასიათს ინარჩუნებს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ინტერიერს.
დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს.
ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. „კაბადონის“ ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, მომხმარებლები თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპაპროცედურებით სარგებლობასაც შეძლებენ.

scroll arrow

დასაწყისი